ფილოსოფიის კურსდამთავრებულების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ერთობლივი განცხადება
ძალა ერთობაშია!
ფილოსოფიის კურსდამთავრებულების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ერთობლივი განცხადება
ჩვენ, ფილოსოფოსები ვუერთდებით სამოქალაქო და სახალხო პროტესტს, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო და ქართველი ემიგრანტები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად ვგმობთ თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლების, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას.
ფილოსოფია გულისხმობს სიბრძნისა და ცოდნის სიყვარულს, რომელიც შეიძლება საკეთილდღეოდ გამოადგეს როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ზოგადად საზოგადოებას. უფრო საფუძვლისეულად კი, იგი გულისხმობს ისეთი სივრცის შექმნასა და შენარჩუნებას, სადაც ცოდნის არამხოლოდ გაზიარება და დაგროვება იქნება შესაძლებელი, არამედ სადაც ცოდნას ექნება ღირებულება.
დღეს საქართველოში ცოდნა, აზრის თავისუფლება, მრავალფეროვნება და დემოკრატიული სულისკვეთება საფრთხეშია, რადგან ცხადად ვხედავთ, როგორი დაუნდობელი შეიძლება გახდეს ძალაუფლება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის უფლებას იყენებენ. ჩვენ ვხედავთ დევნას, რომელიც სხვადასხვა ფორმით, რეპრესიული რუსული კანონით, ჰომოფობიური და ცენზურის კანონით, სასტიკი სისტემური ძალადობით, გაქრობას უქადის თავისუფალი საზოგადოების იდეას, სადაც თითოეული ადამიანის ღირსება იქნება დაცული.
შესაბამისად, ამ განცხადებაზე ხელმომწერები ვუერთდებით ქართული საზოგადოების მოთხოვნებს და ვითხოვთ:
გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული რეჟიმის ტყვე;
დაინიშნოს ახალი არჩევნები და უზრუნველყოფილ იქნას მისი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ადამიანის ღირსება არის ხელშეუხებელი. მისი დაცვა კი ევროინტეგრაციისკენ უპირობო სვლით, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებით და ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფითაა შესაძლებელი.
ხელმომწერთა განახლებადი სია: https://shorturl.at/6gFnJ
ხელმომწერები
(განახლებადი)